თამარ გაბუნია: 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის საკითხზე გადაწყვეტილება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში იქნება მიღებული
“12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის საკითხზე გადაწყვეტილება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში იქნება მიღებული”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდებიან.
„ბავშვების აცრა 12 წლის ზემოთ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ჩვენ კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. ამაზე იმსჯელებს ვაქცინაციის კომიტეტი და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ველოდებით, თუმცა, ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიც გახლავთ აშშ-ის წამლის სააგენტო, რომელმაც სრული ავტორიზაცია მიანიჭა „ფაიზერის“ ვაქცინას, ასევე, ევროპის მარეგულირებელი, მთელი რიგი ევროპის ქვეყნები უკვე აკეთებენ ამას და ვფიქრობ, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მათი გამოცდილების გაზიარებით. ბუნებრივია, მშობლის გადაწყვეტილებითა და სურვილით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.