“ქართული ოცნების” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზურაბ უტიაშვილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოს ეწვია
“ქართული ოცნების” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზურაბ უტიაშვილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოს ეწვია.
კანდიდატმა პაციენტები მოინახულა და დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობს მათი მკურნალობა. მმართველი პარტიის კანდიდატი გაეცნო ვაქცინაციისა და ტესტირების პროცესსაც.
ვიზიტისას, მან იმუნიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ხსნა დღეს შექმნილ ვითარებაში. ჩვენ მკაცრად უნდა გავმიჯნოთ: კოვიდი კლავს – ვაქცინა გადაარჩენს! ამ დევიზით უნდა ვიყოთ თითოეული მოსახლე და უნდა გავითავისოთ, რომ კოვიდი არის მომაკვდინებელი სენი და მისგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინა”, – განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.
ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც პროფესიით ექიმისთვის, მნიშვნელოვანია, იცოდეს, როგორ მიმდინარეობს კოვიდპანდემიის მართვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
„გურჯაანის მრავალპროფილიან კლინიკაში მოვინახულე პაციენტები. ვიყავი როგორც არაკოვიდ განყოფილებასა და ინტენსიურში, რეანიმაციაში, ასევე, კოვიდგანყოფილების ინტენსიურსა და პალატებში. გავესაუბრე პაციენტებს და ვნახე მათი მდგომარეობა. მინდა, აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგად მიმდინარეობს კოვიდ პაციენტების მკურნალობის სტრატეგია, რომელიც ქვეყნის მიერ დამტკიცებულ გაიდლაინს მიჰყვება. თითოეულ მათგანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აღნიშნა ზურაბ უტიაშვილმა.
,,ქართული ოცნების,, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზურაბ უტიაშვილი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სამეცნიერო-საკოორდინაციო საბჭოს წევრია და საქართველოში COVID-19 პანდემიის მართვაში აქტიურად არის ჩართული.