ლევან დავითაშვილი: პრემიერმინისტრის ინიციატივით, ჩვენ, ფაქტობრივად, განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე გურიის რეგიონში ჩაის სექტორის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურია იყო ადგილი, სადაც ჩაის კულტურა პირველად გამოჩნდა და შემდგომში მან რეგიონის განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა.
„პრემიერმინისტრის ინიციატივით, ჩვენ, ფაქტობრივად, განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით „ქართული ჩაი”, რომელიც გულისხმობს ჩაის რეაბილიტაციას; ბატონი ირაკლის მხარდაჭერით, დავიწყეთ ქვეყანაში ჩაის სექტორის აღდგენის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა. დღეს ყველას შეუძლია, მიმართოს სახელმწიფოს და გავენარებული, გატყევებული ჩაის პლანტაციები სიმბოლურ ფასად, იჯარით მიიღოს; ფაქტობრივად, მთელი სარეაბილიტაციო თანხა, 100%-იანი საგრანტო დაფინანსება ჩვენი მხრიდან არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია”, – განაცხდა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა რეგიონში გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის დეფიციტს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გურიაში არ არის შემნახველი მეურნეობები, არ არის გადამმუშავებელი საწარმოების ის სიმძლავრე, რომელიც ქვეყანაში შესაძლოა ჭარბადაა, მაგრამ კონკრეტულად გურიაში არა.
„ჩვენ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, თქვენს ინიციატივებს მხარს დავუჭერთ; თუ თქვენი მხრიდან იქნება მომართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ, რომ შემნახველი, საშრობი მეურნეობების და გადამმუშავებელ საწარმოების შექმნა დავაფინანსოთ.. თუ იქნება მონდომება თქვენი მხრიდან, სახელმწიფო თანადაფინანსების მზადყოფნა ჩვენი პირობაა”, – განაცხდა მინისტრმა.