15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა.
ინფორმაცია “კვირას” ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დაუდასტურა.
მისივე თქმით, ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, ჩოლოიანი პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
ადვოკატის განცხადებით, მარიანა ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება სავარაუდოდ, უკვე დატოვა.
ცნობისთვის, 2020 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ მარინა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად. 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.