მეუფე ნიკოლოზი: თანახმა ვარ, პროფესიონალები გვისმენდნენ, მაგრამ არ ვარ თანახმა ამის გამოქვეყნებაზე, იმიტომ, რომ ეს არის კრიმინალური დანაშაული
ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოსმენაზე თანახმაა, მაგრამ მისი გამოქვეყნება არ უნდა მოხდეს, რადგან მისი თქმით, ეს კრიმინალური დანაშაულია.
“სააკაშვილის ხელისუფლების დროს მე დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემს ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ თანახმა ვარ, თანახმა ვარ იმაზე, რომ პროფესიონალები გვისმენდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ეს ჩემი საუბრები, პირადი ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასდროს, იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული. მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარავინ დამკავშირებია. მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია. თანახმა ვარ მოსმენაზე, მაგრამ არ ვარ თანახმა ამის გამოქვეყნებაზე, იმიტომ, რომ ეს არის კრიმინალური დანაშაული”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი “ტვ პირველთან” საუბრისას.