საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კლიმატის რისკის მართვის და პრევენციის მიმართულებით სპეციალური სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით სპეციალური სწავლება გაიარეს.

უწყების ინფორმაციით, გადამზადების 10 დღიანი კურსის ფარგლებში, ძირითადი თემა საგანგებო მართვის გეგმაზე მუშაობა წარმოადგენდა.

“სწავლების 12-მა  მონაწილემ კვალიფიკაცია  კლიმატის რისკის მართვის და პრევენციის მიმართულებით აიმაღლეს, რის შემდეგაც სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას 11 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

სამაგიდო სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში წარიმართა და მას დარგის საერთაშორისო ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ.

კურსის გახსნის ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანა ჩერნიშოვა დაესწრნენ.

სწავლება UNDP-ის კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ფონდი საქართველოს მთავრობას კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის (CRM) პროაქტიული მიდგომის დანერგვაში ეხმარება, რაშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც აქტიურადაა ჩართული”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები