“ბოჩოლების საქმეს” საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ “თავისუფლების ინსტიტუტის” შუამდგომლობა გაიზიარა და ე.წ. ბოჩოლების საქმე პლენუმს გადასცა განსახილველად. ამის შესახებ ინფორმაციას “Liberty Institute – თავისუფლების ინსტიტუტი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, დამკვიდრებული პრაქტიკით დადგენილების ნომრის ტექნიკურად შეცვლა საკმარისი იყო საქმის შესაწყვეტად, რაც აჭიანურებდა სასამართლო პროცესს და ხშირად გამოიყენებოდა მთავრობის მიერ საქმის განხილვის თავიდან ასაცილებლად.
“თავისუფლების ინსტიტუტი ითხოვდა, მთავრობის მანიპულირების მიუხედავად გაეგრძელებინათ სამართალწარმოება ბოჩოლების საქმეზე.
სასამართლოს მეორე კოლეგიამ მხარი დაუჭირა საქმის გაგრძელებას. მათი განმარტებით, ბოჩოლების საქმის მსგავს სიტუაციაში სამართალწარმოების ავტომატური შეწყვეტა განაპირობებს მოსარჩელისა და სასამართლოს ფუჭ შრომას, და მოკლებულია ლოგიკურ ახსნას.
სასამართლოს მეორე კოლეგიამ გააკრიტიკა დამკვიდრებული პრაქტიკა, რადგან ის აჭიანურებს სადავო საკითხის გადაწყვეტას და ამცირებს სასამართლოს ეფექტურობას.
სასამართლოს აზრით, ბოჩოლების საქმეში შუამდგომლობაზე უარის თქმა არა მარტო აფერხებს მოსარჩელის უფლების ეფექტურად დაცვას, არამედ შეუსაბამოა კანონმდელობასთანაც.
მეორე კოლეგიამ დაასკვნა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავს შემთხვევებში მიეცეს მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
საბოლოო გადაწყვეტილება პლენუმმა უნდა გამოიტანოს,” – ნათქვამია თავისუფლების ინსტიტუტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს მთავრობის რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, “აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი”.