როგორ დავიცვათ პატარები “დელტა შტამისგან” და როგორ მოვიქცეთ დაავადების შემთხვევაში – მაია ჩხაიძის რეკომენდაციები
როგორ დავიცვათ პატარები კორონავირუსის “დელტა შტამისგან” და არსებობს თუ არა მკურნალობის განსხვავებული მეთოდი – ამ კითხვებზე “კვირას” ციციშვილის ბავშვთა სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ უპასუხა.
“ამერიკაში “ფაიზერით” ვაქცინაცია 12-დან 16-წლამდე ასაკის ბავშვებში ხდება. ასევე, ტარდება 6 თვიდან 12 წლამდე ჩვილებში კვლევები, რამდენად უსაფრთხოა კონკრეტულად ეს ვაქცინა. როგორც ვიცი, სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით, სიახლე ამ კუთხით ჯერჯერობით არ არის, კვლევის შედეგები არ დაუდიათ. რაც შეეხება საქართველოს – ერთადერთი გამოსავალი, რომ პატარები “დელტა შტამისგან” დავიცვათ, არის შემდეგი – ოჯახის უფროსი წევრები ავიცრათ, რომ შვილები, შვილიშვილები დავიცვათ. ჩვილებს სხვა კონტაქტები არ აქვთ. ძირითადად, ოჯახში ავადდებიან. თუ ყველა აცრილი ვიქნებით, შევაჩერებთ პანდემიას ქვეყანაში და, ასევე, ვუშველით ჩვენს შვილებს. მკურნალობის განსხვავებული მეთოდი არ არსებობს. კორონავირუსი არის კორონავირუსი, მკურნალობის მეთოდი აბსოლუტურად ერთნაირია, ამ შემთხვევაში, არაფერს ცვლის, “დელტა” შტამია თუ “ალფა”, – განუცხადა “კვირას” ჩხაიძემ.