ნინო წილოსანი: ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე არყოფნა გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი იქ გამოჩენა არ ყოფილიყო დაპირისპირების წინაპირობა
“ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე არყოფნა გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი იქ გამოჩენა არ ყოფილიყო დაპირისპირების წინაპირობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება იმ სცენების მოწყობას აერიდა, რაც წინა დღეებში საზოგადოებამ იხილა.
,,დღეს ჩემი პირადად იქ არყოფნა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფაქტით, რომ პატივი მეცა მისი გარდაცვალებისთვის და ჩვენი იქ გამოჩენა არ ყოფილიყო წინაპირობა იმავე დოზისა და დონის დაპირისპირების და პოპულიზმის, რასაც ჩვენ წინა დღეებში ვხედავდით. მხოლოდ ჩემი მისდამი ღრმა პატივისცემის გამო, ავერიდეთ ამგვარი სცენების მოწყობას,”- განაცხადა ნინო წილოსანმა.
,,ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, დღეს დაკრძალეს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდა. მიმდინარეობს გამოძიება.