ამირან გამყრელიძე – ლექსო ლაშქარავაზე: ტრაგიკული შემთხვევაა – ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის და მინდა, გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
მისი თქმით, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა ტრაგიკული შემთხვევაა.
„ვიზიარებ ჟურნალისტთა თემის მწუხარებას ლექსოს გარდაცვალების გამო. მე კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე. კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. მისი დედა და დეიდა, ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით და ლექსოს ბაბუა, პარმენ კახიძე ჩვენი მასწავლებელი იყო. ის იყო გამორჩეული ქირურგი ჩვენი თაობის დროს, როცა სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდით, მესამე კურსზე, ზოგადი ქირურგიის კათედრაზე. ბევრი რამ გვაქვს მისგან ნასწავლი. ამიტომ, ეს ტრაგიკული შემთხვევა, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის და მინდა, გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება”,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიის იმ წარმომადგენელთაგან ერთ-ერთია, რომელსაც 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ.