თამარ გაბუნია: დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა ყველასთვის, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება ოპერატორის გარდაცვალების ფაქტის გამო
ჯანდაცვის სამინისტროს სახელით მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება ოპერატორის გარდაცვალების ფაქტის გამო, მივუსამძიმრო მის ოჯახს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ საღი აზრით ამ სიტუაციიდან ერთიანი, კონსტრუქციული გადაწყვეტა მოხდება.
,,დღევანდელი დღე ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის, ჯანდაცვის სამინისტროს სახელით მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება ოპერატორის გარდაცვალების ფაქტის გამო, მივუსამძიმრო მის ოჯახს. ძალიან მძიმე დანაკარგია და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იზიარებს ამ დანაკარგის სიმძიმეს, ისევე როგორც, უერთდება იმ ჯანსაღ და სამართლიან მოძრაობას ამ ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. იმედი მაქვს, საღი აზრი ამ ქვეყანაში ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთიანი, კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სიტუაციიდან ვნახოთ და დავუბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების პროცესებს, როგორც ეს ყველას მოლოდინია და როგორც ამას ქართველო საზოგადოება ელოდება,”- განაცხადა გაბუნიამ
,,ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა მიერ გამართულ აქციაზე მედიის ათეულობით წარმომადგენელთან ერთად დაშავდა. ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ალექსანდრე ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ.