შალვა პაპუაშვილი: სახეზე გვაქვს არაავთენტური კოორდინებული ქცევა შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან

“სახეზე გვაქვს არაავთენტური კოორდინებული ქცევა შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ,,სამართლიანი არჩევნების” განცხადებას ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებსა და წევრებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციამ სრულად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია იმით, რომ ერთი თვე გამოქვეყნებული ჰქონდა პარალელური დათვლის ყალბი შედეგები და საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს უმალავდა.

,,როგორც იკვეთება, სახეზე გვაქვს არაავთენტური კოორდინებული ქცევა შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, წინასწარი შეთანხმებით მისცეს ხმა მხოლოდ იმ ორ კანდიდატს, რომლებიც მათივე ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ.
ამასთან, ალბათ, მხოლოდ ცინიზმით თუ აიხსნება, მათ რჩეულ ორ კანდიდატში “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) გამგეობის თავმჯდომარის მოხვედრა. ამ ორგანიზაციამ სრულად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია იმით, რომ ერთი თვე გამოქვეყნებული ჰქონდა პარალელური დათვლის ყალბი შედეგები და საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს უმალავდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციებმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის არცერთ კანდიდატს არ მისცეს ხმა და ამით შეეცადნენ ჩაეშალათ კონკურსი. ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არ არჩევა რეფორმირებული კანონმდებლობით კი გამოიწვევს იმას, რომ ოქტომბრის არჩევნებს ჩაატარებს ცესკო
რომელშიც ოპოზიციას ექნებოდა უმრავლესობა, რომლის თავმჯდომარე იქნებოდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილე.

ამგვარი კოორდინებული ქცევა და, როგორც უკვე იკვეთება, მათი მხრიდან კანდიდატების მიმართ რეპუტაციის შემლახავი კამპანიის წამოწყება, არის ამ ორგანიზაციების მხრიდან მომავალი არჩევნების დისკრედიტირების ღია მცდელობა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის სამწუხარო პრეცედენტი”, – წერს პაპუაშვილი.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე არცერთს, ხოლო ცესკო-ს წევრად ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები