“იმედი“ ყველაფერს გააშუქებს და მაყურებელს არაფერს დაუმალავს, ჩვენ ვამხელთ მოძალადე ჯგუფებს და, განსაკუთრებით მათ, ვინც ჟურნალისტზე ძალადობს” – ტელეკომპანიის დირექტორის განცხადება
“ჩვენი ინიციატივაა, რომ მედიასაშუალებებმა უარი ვთქვათ არა ძალადობის და მოძალადე ჯგუფების მოქმედებების გაშუქებაზე, არამედ მოძალადეების სატელევიზიო ეთერებში მოწვევაზე, სატელევიზიო ინტერვიუებზე”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორის, ნიკა ლალიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე თქმით, “იმედი” ამხელს მოძალადე ჯგუფებს და, განსაკუთრებით მათ, ვინც ჟურნალისტზე ძალადობს.
„ტელეკომპანია „იმედი“ ყველაფერს გააშუქებს და მაყურებელს არაფერს დაუმალავს. ჩვენ ვამხელთ მოძალადე ჯგუფებს და, განსაკუთრებით მათ, ვინც ჟურნალისტზე ძალადობს. „იმედი“ ამაზე უარს ნამდვილად არ იტყვის!
ნამდვილი ამბების სანდო მაუწყებლები „ფეიკნიუსის“ შემქმნელებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი პოლიტიკური მოტივაციებითა და ემოციებით არ ხელმძღვანელობენ. ჩვენ ვალდებული ვართ, მაყურებელს ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში, კარგიც და ცუდიც, მათ შორის – მოძალადეებიც.
თუ ჩვენ „არ ვიმჩნევთ“ მოძალადე ჯგუფების მოქმედებას, როგორც ფაქტს, მაშინ, მაგალითად, რას ვაკეთებთ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ძალადობენ პოლიციელზე? აღარ ვაშუქებთ მოძალადე ოპოზიციას? რა თქმა უნდა ვაშუქებთ!
საზოგადოება უნდა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას, ჩვენი ვალდებულება კი ამ ინფორმაციის ობიექტურად მიწოდებაა. ხალხი კარგსა და ცუდს თავად გაარჩევს.
ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოძალადის იგნორირება და პოზიციის არდაფიქსირებაა გამოსავალი, ის ძალიან დაბალი წარმოდგენისაა საზოგადოებაზე. პირიქით, ნებისმიერი მედიასაშუალების ვალია, ობიექტურად გააშუქოს და ამხილოს მოძალადე, მითუმეტეს, თუ ამ ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტია.
ჩვენი ინიციატივაა, რომ მედიასაშუალებებმა უარი ვთქვათ არა ძალადობის და მოძალადე ჯგუფების მოქმედებების გაშუქებაზე, არამედ მოძალადეების სატელევიზიო ეთერებში მოწვევაზე, სატელევიზიო ინტერვიუებზე და ამ გზით, მათ პრომოუტირებაზე. „იმედი“ ამ სტანდარტით იხელმძღვანელებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.