ეზიდთა სასულიერო საბჭო: არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას

ეზიდთა სასულიერო საბჭო “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეზიდთა სასულიერო საბჭო ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას არ მიესალმება.

“ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიაჩნია, რომ, საკაცობრიო ცივილიზაციის მოცემულ ეტაპზე, მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომლებმაც კაცობრიობა ღრმა სულიერ კრიზისამდე მიიყვანა. ამის მაჩვენებელია სოციალური უთანასწორობა, დაუსრულებელი ომები სხვადასხვა ქვეყანაში, ეთნოსთა და რელიგიათა შორის მზარდი კონფლიქტები, ურთიერთგანსხვავებულთა მიერ ერთმანეთის შეუწყნარებლობა და სხვა.

ასევე შეიმჩნევა ტრადიციული ფასეულობების დაკნინების ტენდენცია, რაც ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს.

აღნიშნული შეეხება თბილისში ე. წ. ლგბტ პარადის ჩატარებასაც, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი სარწმუნოების ფუნდამენტურ ფასეულობებს. ცხადია, ჩვენი რელიგური შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას. ის, რასაც გეგმავენ ამ პარადის ორგანიზატორები, შეუთავსებელია ჩვენს მორალთან და უპირისპირდება ჩვენს ტრადიციაში განმტკიცებულ ღირებულებებს.

ამასთანავე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი საკონსტიტუციო უფლებები, პატივს ვცემთ ადამიანის ამოსავალ უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დევნასა და ძალადობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები