ალუდა ღუდუშაური – “თბილისი პრაიდზე”: საპატრიარქო არავის არაფერს უკრძალავს, საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული ადამიანის უფლებები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი შეფასებით, საპატრიარქო არავის არაფერს უკრძალავს და საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული ადამიანის უფლებები.
“საპატრიარქო არავის არაფერს არ უკრძალავს, ეს ერთი. ვისაც მართლა გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და თვითმიზანი არ არის, რომ გავმართოთ ისეთი ღონისძიება, აქტივობა, გამოხატვა, რომელიც ხელოვნურად დაძაბავს სიტუაციას და აწევს ტემპერატურას, ასეთ შემთხვევაში, ყველა მე მგონი ასეთ სიტუაციაში თავს შეიკავებდა ასეთი ღონისძიების გამართვისაგან. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, საპატრიარქომ “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან. მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, – გარდაუვალი შფოთი”.