საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის ბრალდებებს პასუხობს.
მისი თქმით, ლევან ბეჟაშვილი იმ საბჭოს წევრი იყო, რომელიც წარსულში მოსამართლეებს ნიშნავდა და ათავისუფლებდა.
“ბატონი ბეჟაშვილი, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს, იყო იმ საბჭოს წევრი, რომელიც იმ დროს მოსამართლეებს ნიშნავდა და ათავისუფლებდა. ბატონი ბეჟაშვილი საუბრობდა რაღაც ნეპოტიზმზე, კორუფციასა და კლანურ მმართველობაზე სასამართლოში, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს საუბრობს, ლევან ბეჟაშვილი იყო იმ საბჭოს წევრი და ერთი სიტყვაც არ დაცდენია მაშინ, როცა ძმები კუბლაშვილები იყვნენ ამ საბჭოს წევრები და ამ ძმების გვერდით ძალიან კომფორტულად იყო მისკუპებული ბატონი ბეჟაშვილი. რა კლანურ მმართველობასა და ნეპოტიზმზე საუბრობს, ამ დროს საერთოდ თვალიც არ აუხამხამდებათ ისე საუბრობენ, თითქოს, საერთოდ ციდან არის მოტანილი ის ბრალდებები, რომლებიც მათი მისამართით ისმის”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.