რომან გოცირიძე: დიდი ალბათობით, მეოთხე ტალღა საკმაოდ მძლავრად იფეთქებს – მდგომარეობის სიმძიმე დამოკიდებული იქნება მთავრობის ქმედებებსა და ჩვენს თვითშეგნებაზე

“გაჭირვებულ ცხოვრებაში ყველა რომ ეკონომიკის ექსპერტია, ასე მოგვდის პანდემიის პერიოდში, როცა ყველა ჯანდაცვის ექსპერტად ვიქეცით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღა, დიდი ალბათობით, საკმაოდ ძლიერი იქნება, მდგომარეობის სიმძიმე კი მთავრობის ქმედებებსა და მოქალაქეების თვითშეგნებაზე იქნება დამოკიდებული.

“გაჭირვებულ ცხოვრებაში ყველა რომ ეკონომიკის ექსპერტია, ასე მოგვდის პანდემიის პერიოდში, როცა ყველა ჯანდაცვის ექსპერტად ვიქეცით. ამიტომ, ჩემს “ექსპერტულ” მოსაზრებასაც მოგახსენებთ.

რა შეიძლება, მოხდეს შემოდგომაზე? დამნაშავე მთავრობა რომ იქნება, ეს ისედაც ნათელია, თუნდაც, მომავალი კვირიდან ყველანაირი შეზღუდვების ფაქტობრივად გაუქმების გამო.

დავთვალოთ: კორონავირუსი  დღევანდელი მონაცემებით  გადაიტანა 360 ათასმა ადამიანმა. დავუშვათ, ერთმა ამდენმა ისე გადაიტანა, რომ ვერ მოხვდა ოფიციალურ აღრიცხვაში. ესეც 720 ათასი. დღეისათვის ერთი აცრა გაკეთებული აქვს 330 ათას ადამიანს და ჩავთვალოთ, რომ სექტემბრამდე მეორეჯერაც აიცრებიან. დავამრგვალოთ ესეც 360 ათასამდე. გამოდის, რომ შემოდგომას დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანი შეხვდება გამომუშავებული იმუნიტეტით( დეტალებში არ შევდივართ, თუ რამდენად შეუნარჩუნდათ მათ, რომლებმაც მრავალი თვის წინათ გადაიტანეს) იმუნიტეტით. ამას დავუმატოთ ივლის-აგვისტოში სავარაუდოდ ერთჯერადად აცრილი 500 ათასი ადამიანი. გამოდის, რომ შემოდგომის დასაწყისში მეტნაკლებად დაცული იქნება 1,6 მილიონი კაცი. საკმარისია თუ არა ეს, რომ ვიყოთ მშვიდად? რა თქმა უნდა არა, თუ დავაკვირდებით იმ მოვლენებს, რაც ამაზე გაცილებით მეტად ვაქცინირებულ ქვეყნებში ხდება.

განმეორდება თუ არა შარშანდელი “დენდროლოგიური პარკის ეფექტი”( 80 ათასმა ადამიანმა მოინახულა ზაფხულის მოკლე პერიოდში)? არ ვიცი. დღევანდელი გახსნილი საზღვრებით (განსაკუთრებით რუსეთთან, სადაც უტევს ინდური შტამი), დიდი ალბათობით მეოთხე ტალღა საკმაოდ მძლავრად იფეთქებს, თუმცა, იმუნიტეტის მქონეთა საკმაო რაოდენობა, ალბათ, მდგომარეობას შეარბილებს.

მდგომარეობის სიმძიმე დამოკიდებული იქნება მთავრობის ქმედებებსა და ჩვენს თვითშეგნებაზე. ახლა ვხედავთ, რომ მთავრობის მხრიდან სრული უმოქმედობის სტადიაში გადავდივართ და ამით რატომღაც ყველა ბედნიერია ყველა”, – წერს გოცირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები