თენგიზ ცერცვაძე: “კომენდანტის საათის” მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში მოიხსნება.

„მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის შეკვეთა და საზოგადოების განწყობა, რომელიც დაიღალა ამდენი შეზღუდვით, რასაც თან ახლავს ეკონომიკის რეცესია, შემოსავლების შემცირება. ელემენტარულად, ადამიანებს მოენატრათ ნორმალური ცხოვრება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მეგობრებთან შეხვედრა, ამიტომაც მცირდება შეზღუდვები. ერთადერთი შეზღუდვა ახლა ე.წ. კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და, ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, განიხილება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნაც.

„მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად იცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება პრაქტიკულად არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ – ღია სივრცეში. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ – არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება, ჯერჯერობით, საჭიროა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები