მეუფე იაკობი: ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ეს დაძაბულობა, თუ ჟურნალისტები აღარ დაძაბავთ
“ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ეს დაძაბულობა”, – ამის შესახებ, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ, მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მან მოუწოდა ჟურნალისტებს, სიტუაციის დაძაბვას მოერიდონ.
„ჩვენ გვქონდა ძალიან გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადი სიტუაცია. შევთანხმდით, რომ სახალხო დამცველი და მე შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში და ვნახავთ სიტუაციას. გთხოვთ ჟურნალისტებს, რომლებსაც იქ ალყა გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით, ეს დიდი სტრესია ბავშვებისთვის. ჩვენ არ გვქონია ერთმანეთთან პრეტენზიები, სიტუაცია სწრაფად აგორდა და აქ მტყუან-მართალზე საუბარი არ ყოფილა. ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ეს დაძაბულობა. ის აღარც არის დაძაბული, თუ ჟურნალისტები აღარ დაძაბავთ. ბავშვები გეუბნებიან, წადითო, რატომ არ მიდიხართ?“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. 5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.