თენგიზ ცერცვაძე: ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის “ინდურ შტამზე”
“ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის „ინდურ შტამზე“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით, ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამია დომინანტური.
“ჯერჯერობით, “ბრიტანული შტამია” დომინანტური. თეორიულად შესაძლოა, გახდეს „ინდური შტამი“ დომინანტური, რადგან 10%-შია, მაგრამ ჯერ ეს არ ვიცით. ჯერ მაინც „ბრიტანული შტამია“ დომინანტური. პირველი, რითაც განსხვავდება, ეს არის უფრო იოლი გადადების და, შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული „ჩინური შტამი“. ბოლოს გამოჩნდა ცნობები უკვე, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ბრიტანული შტამი“. ჯერჯერობით სიმპტომებით ვერ გავიგებთ, ის ე.წ. ინდური შტამია თუ ბრიტანული. ერთადერთი ინდურზე შეიძლება, ეჭვი მივიტანოთ იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგალითად, არაბულ ქვეყნებში ინდოეთში ან მიმდებარე ქვეყნებში, თუმცა ეს პირობითია. არის ცნობა, რომ ექსპერიმენტულ კვლევებში „ინდური შტამი“ დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს, ვიდრე სხვა შტამები, მაგრამ ეს ადამიანებზე ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ჯერჯერობით, ჩვენთან „ბრიტანული შტამია“, რომელიც ცალსახად დამტკიცებულია, რომ დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს, ვიდრე სტანდარტული „ჩინური შტამი“ და ეს ჩვენს თავზე უკვე გამოვცადეთ საქართველოში“, – განაცხადა ცერცვაძემ.