თენგიზ ცერცვაძე: საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავს „ინდური შტამისგანაც”
“კორონავირუსის „ინდურ შტამზე“ ჯერ არ ვიცით, „ბრიტანული შტამი“ ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მათ შორის, ახალგაზრდებშიც”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
მისი თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავს კორონავირუსის „ინდური შტამისგანაც“.
„მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამაც – „ბრიტანულ შტამზე“ ეს შემიძლია, ვთქვა, ინდურზე ჯერ არა. მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა „ინდური შტამისგან“ ვაქცინები და იცავს თუ არა კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი. არის მთელი რიგი კვლევები, რომელიც ამბობს, რომ დიახ, იცავს, როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს და თუნდაც „ბრიტანული შტამის“ დროს. თუმცა, წამყვანი ვაქცინები, საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავს „ინდური შტამისგანაც“, – განაცხადა ცერცვაძემ.