რომან გოცირიძე: პანდემიის დროს როგორ მოხდა ჩვენი თანამემამულეების შემოსავლების ასეთი მკვეთრი ზრდა? – ეროვნულ ბანკს ისიც კი არ უცდია, აეხსნა, თუ რაშია საქმე

“ბოლო თვეებია, აღინიშნება უცხოეთიდან გადმორიცხვების უპრეცედენტო ზრდა. ეროვნულ ბანკს ისიც კი არ უცდია, აეხსნა, თუ რაშია საქმე. მართლა იმატა თუ ჯიბით ჩამოტანა ჩაანაცვლა საბანკო არხებით “ჩამოტანამ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას, პანდემიის დროს როგორ მოხდა ჩვენი თანამემამულეების შემოსავლების მკვეთრი ზრდა.

“გვახსოვს ძალიან მაგარი იტალიური ფილმი, “პური და შოკოლადი” რომ ჰქვია? ფილმი იტალიიდან შვეიცარიაში სამუშაოს საშოვნელად წასულ კაცზეა. თმებსაც კი იღებავს ქერად, იქაურად რომ გამოჩნდეს, ჩაგრავენ წარმომავლობის გამო საწყალს.

რატომ გამახსენდა ეს? ღარიბი იტალიიდან გარბოდა ხალხი საზღვარგარეთ სამუშაოს საშოვნელად. ახლა იტალიაში მიდიან სამუშაოდ აღმოსავლეთ ევროპიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან. განვითარდა ქვეყანა, არ ყოფნით მუშახელი.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების მიერ მაისის თვეში გადმოირიცხა 39 მილიონი დოლარი, რაც მეტია ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან გადმორიცხულზე.

ეს სევდიანი და სასაცილო ფილმი იმით მთავრდება, რომ სამშობლოში გამოძევებული იტალიელი ნიშნისმოგებით მიმართავს შვეიცარიელებს, რომ მათ სამაგიეროდ არ აქვთ ზღვა.

მართლაც, ზღვაცა გვაქვს, მთებიც გვაქვს, გვყავს მშრომელი ადამიანები. “ზარმაცი და ნიჭიერები” – ეს მოარული ფრაზა არის ტყუილი. ღმერთმა რომ მოქეიფე და უდარდელ ქართველებს თავისი მიწა გვაჩუქა, ეს არის ცუდი ლეგენდა, თუმცა, არაა ქართული. თურქმენეთში მოვისმინე ეს თქმულება მათ ქვეყანაზე, მდინარის პირას გაშლილ კარავში, სადაც საქეიფოდ დაგვპატიჟეს და სადაც იყო მხოლოდ ქვიშა და არცერთი ხე. როცა ეს ზღაპარი შეიქმნა, მაშინ ნავთობი და გაზი რა იყო, არც კი იცოდნენ თურქმენებმა.

რაც შეეხება უცხოეთიდან გადმორიცხვებს, ბოლო თვეებია აღინიშნება მისი უპრეცედენტო ზრდა. ეროვნულ ბანკს ისიც კი არ უცდია აეხსნა, თუ რაშია საქმე. მართლა იმატა თუ ჯიბით ჩამოტანა ჩაანაცვლა საბანკო არხებით “ჩამოტანამ”. ან პანდემიის დროს როგორ მოხდა ჩვენი თანამემამულეების შემოსავლების ასეთი მკვეთრი ზრდა? თუ აქ გაუჭირდათ ოჯახებს და დანაზოგებს და ბოლო კაპიკებს უგზავნიან ახლობლებს იქედან?

როცა ქვეყნის ეკონომიკის 13 პროცენტი და ლარის სტაბილურობა ამ ადამიანების შრომაზეა დამოკიდებული, ცოტა თავი შეიწუხოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა და ახსნას, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე”, – წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 187,7 მლნ აშშ დოლარი (634.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42,4%-ით მეტია 2020 წლის მაისის მაჩვენებელზე და ოდნავ ნაკლებია 2021 წლის აპრილის თვეში გადმორიცხულ თანხებზე (191,1 მლნ აშშ დოლარი).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები