მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტი, ანა ბიერდე საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდე საქართველოს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით 17 ივნისს ეწვევა.

ორდღინი ვიზიტის განმავლობაში, ანა ბიერდე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.
მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან; ასევე, შეხვდება პარტნიორებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და განვითარების მიმართულებით მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ანა ბიერდე ასევე მოინახულებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს – ტექნოპარკს, სადაც შეხვდება მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ბენეფიციარებს. შვედეთის მოქალაქემ ანა ბიერდემ, მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა 2020 წლის 1-ელ მაისს დაიკავა.
ამ პოზიციაზე ის ხელმძღვანელობს მსოფლიო ბანკის სტრატეგიულ, ანალიტიკურ, ოპერაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: https://www.worldbank.org/en/about/people/a/anna-bjerde

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები