საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა და 1 256.2 ლარი გახდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით).

“2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარით განისაზღვრა. მათივე ინფორმაციით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი.

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2021 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5 პროცენტით), ასევე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2021 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.2 ლარით გაიზარდა და 1 213.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები