„ეს ორივე ქვეყნისთვის დიდი საქმე იყო“ – ალი ბაბაევი ღარიბაშვილის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
“ეს ორივე ქვეყნისთვის, მათი ხელისუფლებებისთვის დიდი საქმე იყო”, – ასე ეხმაურება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ალი ბაბაევი საქართველოს პრემიერის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა.
შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„მინდა, დღეს იმ სასიკეთო საქმეს გამოვეხმაურო, რომელიც საქათველოს ხელისუფლების, პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციტივით გაკეთდა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა თითქმის 33 წელია, გრძელდება. ამ დაძაბულ ფონზე, 44 – დღიან ომში აზერბაიჯანმა დიდ წარმატებას მიაღწია, თავის ტერიტორიები დაიბრუნა. სომხეთი იძულებული გახდა, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე. სომხეთს თავისი ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნდა გაეყვანა. შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საომარი მოქმედებები უნდა გაჩარებულიყო. რა მოხდა: რამდენიმე ხნის შემდეგ დივერსიული ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანულ სოფლებს თავს ესხმოდა, დააკავეს. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ამ დივერსიული ჯგუფის 15 წევრი გამოუშვეს. ეს დიდი საქმე იყო ორივე ქვეყნისთვის, მათი ხელისუფლებებისთვის. ასეც უნდა მომხდარიყო. თუ რეგიონში მშვიდობა გვინდა, სხვა გზა არ არსებობს,
ორივე მხარეს ძალიან სერიოზული დანაკარგები აქვს. დღეს მიმდინარეობს პროცესები, რათა რეგიონში შერიგება, სტაბილურობა იყოს”, – განაცხადა ბაბაევმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა.
„საქართველოს პრემიერმინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობითა და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.