“მოხდა გარღვევა, 90-იანი წლების შემდეგ პირველად მოხდა, რომ საქართველომ რეგიონში თავის სახე აჩვენა”, – ამის შესახებ “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა საქართველოს პრემიერის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა, რის შედეგადაც კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა.
როგორც კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, საქართველომ რეგიონში მშვიდობისმყოფელის როლი უნდა დაიბრუნოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ. საქართველოს პრემიერმინისტრისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამავლობით, აზერბაიჯანმა სომხეთს სამხედრო ტყვეები გადასცა, რომელთა გარშემოც სკანდალი და ვაჭრობა კარგა ხანს იყო ატეხილი. ძალიან კარგი ფაქტი მოხდა. ფაქტი მნიშვნელოვანია ბევრად უფრო მასშტაბური ხედვისთვის, ვიდრე ერთი კონკრეტული შემთხვევა.
მე და ჩემი თანამოაზრეები, ვინც დაკავებულები ვართ რეგიონული პოლიტიკითა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებით, ძალიან დიდი ხანია, ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა დაიბრუნოს მშვიდობისმყოფელის როლი, თავისი მისია რეგიონში. მოხდა გარღვევა, 90-იანი წლების შემდეგ პირველად მოხდა, რომ საქართველომ რეგიონში თავის სახე აჩვენა. მადლობა ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორებს ამისათვის. საქართველომ რეგიონში მორალური ავტორიტეტის სახე უნდა დაიბრუნოს. ამის შემდეგ გახდება ეს ქვეყანა საინტერესო და ინვესტორების რაოდენობაც გაიზრდება.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რეგიონული მასშტაბის ამგვარი აქტი არ მომხდარა. მაგრამ ეს საკმარისი არაა. ახლა არ უნდა გავჩერდეთ. ამას უნდა დაემატოს სპორტი, კულტურა, ინფორმაციის გაცვლა. ეს უნდა გახდეს სისტემატური.
ვისაც პოლიტიკა ესმის, მათთვის განვმარტავ: 21-ე საუკუნეში კონტინეტური დაპირისპირება დამთავრდა. ახლა ცივილიზაციების კონკურენცია იწყება. სწორედ ასეთი ნაბიჯებით, დამოკიდებულებით, საქმიანობით ჩვენ აუცილებლად უნდა ამოვწიოთ კავკასიური ცივილიზაციის კონტურები და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ. კავკასიური ცივილიზაცია საქართველოზე გადის. დროა, პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ, რათა საქართველომ კავკასიაში მორალური ავტორიტეტის სახე დაიბრუნოს. მაშინ რუსეთი იძულებული გახდება, შეეგოს საქართველოს მენტორობას რეგიონში“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა.
„საქართველოს პრემიერმინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობითა და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.