დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება
საქართველოს საპატრიარქოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო როგორც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო შექმნილ ვითარებას, ისე ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საკითხს.
„საპატრიარქოს ინიციატივით შედგა დღევანდელი შეხვედრა, მოწვეული იყვნენ ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ეხება ბავშვთა უფლებები, UNICEF-ი, ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა ხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან, არამედ ზოგადად, პრინციპზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს გათვალისწინებული. ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია.
მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს ყველა საკითხი. ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემის, ნებისმიერი გადაცდომის, რომელიც შესაძლოა, შეგვხვდეს, მათ შორის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს. არ მოხდეს უტრირება და რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვების ინტერესი არ გადაიფაროს რაიმე სხვა ინტერესებით. დახურვაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტები გულისხმობს“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.