ილია მეორე: მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად – მადლი მოგცეთ უფალმა, სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია
“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად – მადლი მოგცეთ უფალმა, სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
პატრიარქმა ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ღმერთი მოწყალეა. სახარებაში სწერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ სიხარულითა დიდითა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გზა, ჩვენ უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა“, – განაცხადა პატრიარქმა.