თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, 2021 წლის გაზაფხულის საკონცერტო სეზონის დასასრულ, მსმენელის წინაშე განსხვავებული შემადგენლობით წარდგება
11,15 ივნისს ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში თაო-ს (გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი) კამერული შემადგენლობების კონცერტები ჩატარდება.
აღნიშნული კონცერტები გამოირჩევა იმით, რომ პირველად თაო-ს მუსიკოსები კონცერტებს დირიჟორის გარეშე შეასრულებენ, რაც ერთგვარი გამოწვევაა ახალგაზრდა შემსრულებლებისათვის, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი გამოცდილება საორკესტრო მუსიკოსის განვითარებისათვის.
11 ივნისს ჩასაბერი საკრავების ოქტეტი მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს მსმენელს, შარლ გუნოს გაეტანო დონიცეტისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებს.
15 ივნისს სიმებიანი შემადგენლობის კონცერტზე თაო-ს სოლისტი ცნობილი ქართველი პიანისტი თათა ლიჩელი იქნება, რომელიც ორკესტრის ყველაზე პატარა მესაყვირესთან, 17 წლის ელმირა აივაზიანთან ერთად შეასრულებს დმიტრი შოსტაკოვიჩის კონცერტს ფორტეპიანოსა და საყვირისათვის. კონცერტზე ასევე შესრულდება ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორების ნაწარმოებები.
R