“ნატო-ს მომავალი სამიტის დეკლარაცია უნდა იყოს ნათელი დადასტურება იმისა, რომ ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი აქვთ” – ედგარს რინკევიჩსი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები და ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს.

მისი თქმით, დეკლარაციაში ასახული იქნება ნატო-ში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების მისწრაფებები, ასევე, ლატვია მხარს დაუჭერს სამიტის შემდგომ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას „საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განვიხილეთ ნატო-ს მომავალი სამიტის თემა და საჭიროება, რომ ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში იყოს ძალიან ნათელი დადასტურება იმისა, რომ ნატო-ს კარი ღიაა და რომ პრაქტიკული მხარდაჭერა ხორციელდება იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც სურვილი აქვთ ნატო-ში გაწევრიანების. ეს არ გახლავთ დიდი სამიტი, როგორც წესი, ნატო-ს წევრი ქვეყნები ერთმანეთს ხვდებიან, როცა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევა ხდება.
ჩვენ ნატო-ს სამიტიდან ველით ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ველოდებით იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს მოკავშირეებისთვის როდესაც მე-5 მუხლს ეხება საქმე. ჩვენ ასევე გვინდა ვიხილოთ კიდევ ერთხელ ღია კარის პოლიტიკის დადასტურება. ჩვენ შევძლებთ, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ შედგეს საქართველო-ნატო-ს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ შეხვედრას”, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
7-8 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან.
საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, იგი ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები