ჯანდაცვის სამინისტრო: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვანი გაიყვანა

ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანას მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით აგრძელებს.

ამასთანავე, 2021 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი – ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკვე დაწყებულია.

ამ დროისთვის სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში აგრძელებს მუშაობას.

ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.

ზემოაღნიშნული მოქმედებები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით ხორციელდება.

სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოადგენს. ამ პრინციპებზე დაყრდნობით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში მუშაობას აგრძელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები