ჟირინოვსკი: ბაიდენი და პუტინი მსოფლიოს გაიყოფენ

რუსეთის პარტიის – ლდპრ-ის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორი ლიდერი არსებობს – ვლადიმერ პუტინი და ჯოზეფ ბაიდენი, რომლებიც პლანეტასა და მის გეოპოლიტიკას განაგებენ.

ამის შესახებ მან რუსულ გადაცემაში სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში საუბარი შეეხო რუსეთისა და აშშ-ის პირველი პირების 16 ივნისის სამიტს, რაზეც ჟირინოვსკიმ საკუთარი ხედვა წარადგინა.

“რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების – ვლადიმერ პუტინისა და ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრა უნდა ჩატარდეს ტეტ-ა- ტეტ ფორმატში, რადგან ორი ლიდერი მსოფლიოს გაიყოფს. ყველა, მთარგმნელების გარდა, უნდა გაიყვანონ ოთახიდან. მოლაპარაკებების დასრულებისა და გავლენის სფეროების გაყოფის შემდეგ, თარჯიმნები უნდა დახვრიტონ, რომ არავინ იცოდეს, რაზე ილაპარაკეს შეხვედრაზე”, – თქვა მან.

პოლიტიკოსის თქმით, შეხვედრის დროს ლიდერებს მოუწევთ სამყაროს დაყოფა გავლენის ზონებად.

”ყველაფერი ნათელია შუა და შორეულ აღმოსავლეთში. მაგრამ ჩვენ უნდა განვიხილოთ, რომ მოლდოვას ერთი ნაწილი რუსეთის გავლენის ქვეშ გადავა, მეორე – რუმინეთის. ასევე, იძულებულნი გავხდებით, უარი ვთქვათ უკრაინის ექვს დასავლეთ რეგიონზე. დედაქალაქი აქ იქნება ლვოვი. დაზუსტდება ბალტიისპირეთის საზღვრები. დავუბრუნებთ ტალინს ძველ სახელს – რეველს, ტარტუ კი ისედაც იყო ცნობილი, როგორც რუსეთის ქალაქი იურიევი. სამხრეთ ლატვია დაუბრუნდება რუსებს, ხოლო ვილნიუსის მხარე – ბელორუსს. მათ დარჩებათ კაუნასი (ლიეტუვა)”, – თქვა ჟირუნოვსკიმ და დასძინა, რომ “ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. მრავალი წლის წინ დავსახე ახლო აღმოსავლეთის რუკა და ამჟამად იქ ყველაფერი ისეა, როგორც ვამბობდი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები