“საქმეს დაემატა ახალი მტკიცებულებები, შპრიცები” – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი
გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, საქმეს დაემატა ახალი მტკიცებულებები, ეს არის შპრიცები.
მისივე თქმით, ახალციხის კლინიკა “იმედის” ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის მიმართ გამოძიება უნდა დაიწყოს.
“საქმეს დაემატა ახალი მტკიცებულებები, ეს არის შპრიცები, რომლითაც იმუნიზაცია მოხდა. ამასთან, გამოძიებასთან ასევე უნდა გავიაროთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, უნდა დაიწყოს ვიოლეტა ინასარიძის მიმართ გამოძიება, სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. ამის საფუძველი უკვე არსებობს, თუმცა, გამოძიება ჯიუტად არ იწყებს მოქმედებას”, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.