ირაკლი კოვზანაძე – „არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა, ჩემთვის პასუხი ნათელია – ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა”
„ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი, მთავრობის თუ ეროვნული ბანკის?” – ამ კითხვით მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სებ-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა, ჩემთვის პასუხი ნათელია – ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე თქმით, „ფულის ემისია ეროვნული ბანკის ექსკლუზიური ფუნქციაა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება კი ეროვნული ბანკის ფუნქციაა. წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას? ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას?-მაღალი დოლარიზაციის და მაღალი იმპორტ დამოკიდებულობის პირობებში ლარის 1%-ით, ან 10%-ით გაუფასურება რა ოდენობით გადაეცემა ფასების ზრდას და რა ზომით აისახება მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებზე? – განაცხადა კოვზანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გათვლები ეროვნულ ბანკს ექნება.
ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ.