ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ დღეიდან ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების, ე.წ. პასპორტების გაცემა დაიწყო, ბლოკის მასშტაბით პროგრამის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
”შვიდმა წევრმა ქვეყანამ: ბულგარეთმა, ჩეხეთმა, დანიამ, გერმანიამ, საბერძნეთმა, ხორვატიამ და პოლონეთმა გადაწყვიტეს, შეუერთდნენ პროგრამას და დაიწყეს ევროკავშირის პირველი სერთიფიკატების გაცემა. ზოგიერთმა ქვეყანამ კი გადაწყვიტა ციფრული COVID სერთიფიკატის გაცემა მხოლოდ ყველა ფუნქციის ჩაშვების შემდეგ. შესაბამისად, უახლოეს დღეებსა და კვირებში უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
სერთიფიკატი ხელმისაწვდომი იქნება QR-კოდის ან ბეჭდურ ფორმატში. ის იქნება მტკიცებულება იმის, რომ პირს აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული, აქვს ნეგატიური ტესტირება ან გამოჯანმრთელდა.
ევროკავშირში ვაქცინაციის სერთიფიკატები ევროპაში გადაადგილების თავისუფლებას უზრუნველყოფენ და ისინი ძალაში 1-ელ ივლისიდან შევა.