გიორგი ცუცქირიძე: 2021 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის აღდგენის ტენდენცია, პირველ ყოვლისა, სამთავრობო ანტიკრიზისული პროგრამისა და ეკონომიკის სტიმულირების სწორ დაგეგმვაზე მიუთითებს

“საქსტატის მიერ აპრილის ზრდის წინასწარი მონაცემი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არა თუ მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო დაშვებებზე მაღალია, 44.8 % შეადგინა და სულაც სარეკორდოდ უნდა მივიჩნიოთ, გასული წლის აპრილში 17 პროცენტიანი ვარდნის მიუხედავადაც კი! რაც მთავარია, წინა კრიზისულ, 2019 წელთან მიმართებითაც კი ზრდა 28 პროცენტია. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ მაისშიც ზრდის ტემპი მაღალი იქნება, ხოლო უკვე აპრილში წლის დასაწყისიდან მისი კუმულატიური სიდიდის დადებით 8.1-პროცენტიან მაჩვენებელზე გასვლა, ეკონომიკის ვარდნის ციკლიდან რეცესიული შოკის ვარიანტებიდან ყველაზე სწრაფ გამოსვლაზეც მიუთითებს, მიუხედავად გასული წლის ორი საკმაოდ მძიმე ლოქდაუნისა”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე საქსტატის მიერ 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელს თავის გვერდზე „ფეისბუქზე“.

მისი თქმით, მიმდინარე წლის აპრილში სავაჭრო ბრუნვაში, გასულ წელთან შედარებით, ექსპორტის 70-პროცენტიანი სარეკორდო ზრდის მაჩვენებელი, რაც წინაპანდემიურ პერიოდზეც 21 პროცენტით მეტი იყო, იძლეოდა იმის დაშვებას, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მარტის 6 პროცენტიან ზრდაზე მაღალი იქნებოდა.
ექსპერტის თქმით, მეორე კვარტალში ეკონომიკის აღდგენის ტენდენცია, პირველ რიგში სამთავრობო ანტიკრიზისული პროგრამის და ეკონომიკის სტიმულირების სწორ დაგეგმვაზე უკვე დადასტურებულად მიუთითებს, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმებოდა და მუდმივად აკრიტიკებდა.
„გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არა თუ წლის საპროგნოზო დაშვებებზე გაცილებით მაღალი იქნება, არამედ ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალ წლიურ 7.5 პროცენტიან მაჩვენებელზეც კი გავალთ, შემდგომ თვეებში ტურიზმის აღდგენისა და ვაქცინაციის ფონზე მოსალოდნელი ეკონომიკის გაჯანსაღების დინამიკის გათვალისწინებით. ნიშანდობლივია, რომ ეს იქნება არა მხოლოდ ბოლო წლების ისტორიული მაჩვენებელი, არამედ – მსოფლიოში პოსტპანდემიური პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდისაც,“ – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
ექსპერტის თქმით, ზრდის დარგობრივი სტრუქტურა იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ზრდა სექტორალურად გვაქვს ტრადიციული ზრდის სექტორებთან ერთად ისეთ სექტორებში, სადაც ზრდის ტემპი დაბალი ან უარყოფითი იყო, რაც სავალუტო კურსის სტაბილიზაციასთან ერთად, ინფლაციის შემცირებას, ხოლო სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან ერთად ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც უზრუნველყოფს.

„ქართული ოპოზიცია რომ რეალობას მთლიანად არის აცდენილი, აქედანაც ნათლად ჩანს ეკონომიკა, რომ “ჩამოიქცა” და ბიზნესი ლამისაა, “სულს ღაფავს”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები