პრეზიდენტმა ოჯახური, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი სამი ახალგაზრდა პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის, მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა:
პოლიციის კაპიტანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ეკა ბუცხრიკიძე, პოლიციის მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვანცა გოგავა, პოლიციის ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ანი ნაცარაშვილი.
დაჯილდეობის ცერემონია დღეს პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შს მინისტრი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.
,,გვანცა გოგავამ გამოიძია არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, არასრულწლოვანთა გარყვნილი ქმედების, გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვა ძალადობრივ ფაქტებზე. მის მიერ ჩატარებული დროული და ეფექტური გამოძიების შედეგად მხილებული და დაკავებული იქნა პირი, რომელიც წლების განმავლობაში არასრულწლოვანი შვილის მიმართ ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას. ასევე, მის მიერ ჩატარებული დროული გამოძიების შედეგად დაკავებული იქნა პირი, რომელიც სამი მცირეწლოვანი შვილის მიმართ ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას და სექსუალური ხასიათის სხვა ძალადობრივ ქმედებებს.
ანი ნაცარაშვილი აქტიურადაა ჩართული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინაღმდეგ ბრძოლაში. მან მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, შეძლო ჯეროვანი რეაგირება მოეხდინა კონფლიქტის არაერთ ფაქტზე, განემუხტა სიტუაცია და აეცილებინა ძალადობა.
ეკა ბუცხრიკიძის დროული და რელევანტური გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია მსხვერპლთა ინტერესების დაცვისა და სახელმწიფო სერვისების დროულ მოძიებაში, ხელს უწყობს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და დაზარალებულის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას,”- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.