დავით სერგეენკო: “ნაცმოძრაობის” ქმედებები უცნაური და არათანმიმდევრულია
“ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები უცნაური და არათანმიმდევრულია, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო „ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტში შესვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
სერგეენკოს თქმით, მას უსაფუძვლოდ, მაგრამ ოპტიმისტურად სჯერა, რომ აღნიშნული პარტია კონსტრუქციულობის ელემენტებს გამოიჩენს.
„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის, კარგია. უკეთესი იქნებოდა, დროზე შემოსულიყო და ეს ამხელა აურზაური თავიდან აგვეცილებინა. მინიმუმ არათანმიმდევრულობაა, თავიდან მკაცრად აკრიტიკებდნენ პარლამენტს, თვლიდნენ, რომ არალეგიტიმურია, შემდეგ მოითხოვდნენ შეთანხმება შემდგარიყო, როცა შედგა, ხელი არ მოაწერეს და ახლა ნაწილობრივ შემოდიან. უცნაური და არათანმიმდევრულია, ჩემი აზრით, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მე გულის სიღრმეში ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, თუმცა, უსაფუძვლოდ ვფიქრობ აშკარად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამონახავს ძალას იმისთვის, რომ თუნდაც, მინიმალურად კონსტრუქციული, შედეგსა და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული აქტივობები ჩაატარონ და არამხოლოდ თავიანთი ძალაუფლების მოპოვებისთვის”, – განაცხადა სერგეენკომ.