ეკატერინე დგებუაძე: სკოლებში ინფიცირების შემთხვევების კლება ქმნის წინაპირობას, რომ სასწავლო წელი მოსწავლეებმა კლასებში დაასრულონ
სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, სკოლებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა COVID19-ით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
„სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირაა დარჩენილი. ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მცირედით შემცირდა, რაც გვაძლევს იმის თქმის წინაპირობას, რომ სასწავლო წელს მოსწავლეები საკლასო ოთახში დაასრულებენ“, – განაცხადა დგებუაძემ.
სტატისტიკური მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია როგორც მოსწავლეებში, ასევე, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებში. კერძოდ, 22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა.
მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი.