თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფმა 8 თეთრით მოიმატა – “ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც”
დედაქალაქში ბუნებრივი აირის ტარიფმა 8 თეთრით მოიმატა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკ-ის სხდომაზე მიიღეს.
სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი 1-ელი ივნისიდან 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს.
“მათ მიერ ბოლო 1.5 წლის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის იმ ნაზრდით, რომელზეც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისად “თბილისი ენერჯის” არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც.
ახალი დადგენილი ტარიფი 1 -ელი ივნისიდან შევა ძალაში და 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს. თუ კურსის არსებითი გაუარესება არ მოხდება, ასეთ შემთხვევაში, ეს ტარიფი იქნება ამ პერიოდის ბოლომდე შენარჩუნებული,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.