კახა კალაძე: მეამაყება, რომ ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ჰყავდა გიორგი კვინიტაძე – კაცი, რომლის ღირსებას, გამბედაობას, სიმტკიცეს მტრებიც კი აღიარებდნენ
თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თარიღი – დამოუკიდებლობის დღე!
ყველამ კარგად ვიცით, რომ არც მისი მოპოვება, არც მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა და არც დაბრუნება არ ყოფილა ადვილი. ეს შეძლეს მათ, ვისაც არასოდეს ჩაქრობია თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების იმედი, ვინც არ შერიგებია მარცხს და არ უცდია დანებება.
მწამს, რომ ხარობს თითოეული მსხვერპლად შეწირულის სული, ხარობს გენერალ გიორგი კვინიტაძის სული, რომლის ნეშტი დღეს მიბარდება მშობლიურ მიწას.
მეამაყება, რომ ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ჰყავდა გიორგი კვინიტაძე – კაცი, რომლის ღირსებას, გამბედაობას, სიმტკიცეს მტრებიც კი აღიარებდნენ. ის არის მაგალითი ქართული სულის სიმტკიცისა და თავისუფლების იდეის მარადიულობის.
სწორედ ასეთი ადამიანების მხრებით არის მოტანილი ჩვენი ქვეყანა, მათი მხრებით, ვინც იბრძოდა, ვინც არ კარგავდა იმედს, არ კარგავდა შემართებას და სწამდა საქართველოს მომავლის.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.