„გვაყენებენ იმ რისკის წინაშე, რომ ჩვენი ბოლო იმედი თავზე ჩამოგვექცეს“ – დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულები „მთავარი არხის“ პიკეტირებას გეგმავენ
სამშენებლო კომპანიების: „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „სვეტისა“ და „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „მთავარი არხი“ დაუსრულებელი მშენებლობების თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფების წევრებმა: ლელა რაზიკაშვილმა, დეა ლაზიშვილმა, ოლია ახალაიამ და მარიამ ჩიმაკაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ „მთავარ არხთან“ გადაინაცვლებენ და აქციას გამართავენ.
„რამდენიმე კვირის წინ მასმედიაში ოპოზიციურმა არხებმა დაგვარტყეს. უამრავი სიცრუე გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ბატონები კახი კალაძე და ილია ელოშვილი მილიონებს აგროვებენ იმისთვის, რომ კომოს ტბაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაასვენონ. სინამდვილეში კი ამით ფინასდება სარემონტო ობიექტები, დაზარალებულ ხალხს სერიოზული პრობლემები უგვარდებათ.
მეორე ტყუილიც ჩვენი ერთერთი ასაშენებელი ობიექტის მისამართით გაჟღერდა. საქმე ეხება „დაკიდებულ ბაღებს“, რომელიც ასევე მერიის დახმარებით უნდა აშენდეს. მათ სიტუაცია ისე წარმოაჩინეს, თითქოს კალაძემ 30-სართულიანი ცათამჯენისათვის სამშენებლო ნებართვა დამეწყრილ ზონაში გასცა. ეს სრული სიცრუეა. წარმოგიდგენთ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ქალბატონი თეა გოდოლაძის დაკვნას, რომელიც ადასტურებს იმას, რომ 28- სართულიანი შენობისთვის ადგილი აბსოლუტურად მიზანშეწონილია.
ჩვენ აქედან მივდივართ „მთავარი არხის,, ოფისთან, სადაც ამ ორგანიზაციას ერთსაათიან გამაფრთხილებელ პიკეტირებას მოვუწყობთ“, – განაცხადა მარიამ ჩიმაკაძემ .
საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები თქმით, შეტევა ინვესტორის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
„როდესაც პირველად დაარტყით ჩვენს სასიცოცხლო ინტერესს და ,,ცენტრ პოინტის“ პროექტებზე გაავრცელეთ ტყუილი, რომელიც ძალიან მალე გაიშიფრა, ჩვენ, სამივე კომპანიიდან დაზარალებულები შევიკრიბეთ და გთხოვეთ, არ გამოგეყენებინათ ჩვენი პრობლემები თქვენი მეთოდით თქვენი ინტერესებისთვის, მაგრამ მოიქეცით ისე, თითქოს არც ჩვენ, ათასობით ოჯახი ვარსებობთ, არც ჩვენი თხოვნა და მომართვა თქვენს მიმართ. თქვენ თუ გიფიქრიათ როდესმე იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ოჯახებში, როდესაც ვინმე ეხება იმ სინათლეს, იმ ერთადერთ შანსს, რომელიც მერიის კომისიის დახმარებამ გააჩინა ჩვენთვის. თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ინვესტორმა, რომელსაც ასე გაავებით უტევთ, შეიძლება, უარი თქვას ჩვენზე და სხვა, უფრო უსაფრთხო პროექტზე გადაინაცვლოს? არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი პრობლემური მშენებლობები, უამრავი სამართლებრივი თუ ეკონომიკური სირთულეების გამო, ინვესტიციისთვის კომფორტის ზონა არ არის. რა პასუხს გაგვცემთ მერე, თუ თქვენმა ქმედებამ დაგვაკარგვინა ეს უკანასკნელი შანსი და ისევ ქუჩაში დაგვტოვა?
ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ ამ შანსისთვის და ახლაც ვიბრძოლებთ მისი გადარჩენისთვის.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს ნაშრომსა და ჩვენს მომავალს. ჩვენ დავიცავთ იმ ადამიანებს, ვინც სადღეღამისო რეჟიმში მუშაობენ ჩვენთვის. ხელები შორს ჩვენი ოჯახების ბოლო იმედებისგან. ჩვენ ვართ ათასები და ჩვენ გაჩვენებთ ჩვენს ძალას. ჩვენ ვიწყებთ მოქმედებას“, – აცხადებენ დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
მათი თქმით, ქალაქის მერიის დაუსრულებელი მშენებლობების კომისიამ, რომელიც თბილისის მერის, კახი კალაძის ინიციატივით შეიქმნა, მათი ქონების დაბრუნების სრულიად ახალი მეთოდი შეიმუშავა.
„ჩვენ, დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობა, ათასობით ოჯახი წლებია, შევყურებთ უსიცოცხლო კედლებს, სადაც ჩვენი ცხოვრების ნაშრომი და მომავლის იმედებია მომწყვდეული.
ჩვენ წლებია, ვაპროტესტებთ ჩვენს მდგომარეობას ქუჩაში, სასამართლოებში, ხელისუფლებაში და, მიუხედავად ცალკეულ შემთხვევებში დამდგარი ჩვენთვის სასურველი სამართლებრივი შედეგებისა, ჩვენი ძირითადი პრობლემა, ჩვენი საკუთრების შექმნა და დაბრუნება ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩვენს უსახლკარობას სამართლებრივმა ბერკეტებმა და მოგებულმა პროცესებმა ვერაფერი უშველეს, რადგან იმ პრობლემის მოგვარება, რის წინაშეც ვართ ჩვენ, შესაძლებელია მხოლოდ მშენებლობების განახლებითა და დასრულებით. ამ უკანასკნელის მოგვარება კი ჩვენი საკუთარი ძალებით შეუძლებელი აღმოჩნდა.
ქალაქის მერიის დაუსრულებელი მშენებლობების კომისიამ, რომელიც უშუალოდ კახი კალაძის ინიციატივით შეიქმნა, ამ მოჯადოვებულ წრეში მოახდინა გარღვევა. შეიმუშავა ჩვენი ქონების შექმნის და დაბრუნების სრულიად ახალი მეთოდი და რაც მთავარია გვაჩვენა ნება, იმისა, რომ მას ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
მთავარი, რასაც ჩვენი პრობლემის გადაჭრაში წარმატება ეყრდნობა, ინვესტორის მოძიება, მისთვის საშეღავათო რეჟიმის ამოქმედება, ხელშეწყობა, მოგების გარკვეული მარჟის შეთავაზებაა, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა შესაძლო რისკი და მისი დარწმუნება იმაში, რომ მის მიერ დაბანდებული ფინანსური რესურსი უსაფრთხოდაა. ამ ძირითადი შემადგენელის გარეშე არც ერთი ინვესტორი არ შევა პრობლემურ ობიექტზე, არც ერთი გაჩერებული მშენებლობა არ ამუშავდება.
ყველა სირთულეს ემატება ისიც, რომ დაუსრულებელი მშენებლობების ეკონომიკა შეიცავს უამრავ უხილავ წყალქვეშა რიფს, მიმდინარე და შესაძლო სასამართლო პროცესების სახით, რომლეზეც შეიძლება, წამოედოს და მთლიანად დაინგრეს ობიექტის ბიზნესგეგმა. გასათვალისწინებელია პანდემიური ეკონომიკა და ამ ამოცემულობაში მერიის დახმარებისა და საქართველოს მთავრობის საშეღავათო ღონისძიებები რომ არა, ჩვენი შანსი ნული იქნებოდა“, – აცხადებენ დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
მათივე თქმით, დაუსრულებელი მშენებლობების თემა ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
„ჩვენ შორის სხვადასხვა მოსაზრებისა და შეხედულებების ადამიანები არიან, ჩვენ დაზარალებულებს შორის პოლიტიკურ დისკუსიებზე შეგნებულად ვთქვით უარი და ყველა ერთი მიზნისთვის გავერთიანდით, მაგრამ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენი სასიცოცხლო პრობლემა წინა ხელისუფლების მონარჩენმა პოლიტიკურმა პარტიამ პოლიტიკური მიზნების იარაღად აქცია. ხან ერთ ობიექტს შეუტევევენ, ხან მეორეს და გვაყენებენ იმ რისკის წინაშე, რომ ჩვენი ბოლო იმედი თავზე ჩამოგვექცეს.
ჩვენ, დაზარალებული მშნებლობების საინიციატივო ჯგუფები მოგმართავთ თქვენ, „მთავარ არხს“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“: ჩვენ უკან ათასობით დაზარალებული ოჯახია, მათი უმეტესობა დაზარალდა ან თქვენი მტაცებლური პოლიტიკის ან თქვენი უმოქმედობის გამო. დღეს კეთდება ის, რისი გაკეთება თქვენც შეგეძლოთ, თუ ცოტას მაინც იფიქრებდით ჩვენზე“, – აცხადებენ დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.