თამარ ტალიაშვილი: კვინიტაძის ნეშტს 100 წლის შემდეგ ქართულ მიწას მივაბარებთ მთაწმინდის პანთეონში
„საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გიორგი კვინიტაძე 100 წლის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი კვინიტაძე არის ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო.
„ვულოცავ ყველა მოქალაქეს, მათ შორის, აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობას მათთან ერთად მივაღწიეთ 30 წლის წინ გამართულ რეფერენდუმზე და საქართველოს გამთლიანებასაც მათთან ერთად მივაღწევთ”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს გენერალ კვინიტაძის ნეშტის საქართველოში დაბრუნების ინიციატივისთვის.
„სიმბოლურია, რომ ხვალ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ქართული ჯარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ დიდ ეროვნულ დღესასწაულზე ქართულ მიწას მივაბარებთ გენერალ კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში”, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.