გიორგი ცუცქირიძე გოლეთიანის განცხადებაზე: პროტესტის საინფორმაციო ომიც წმინდა იდეოლოგიურ ჭრილში გადადის და შემთხვევით არც 26 მაისი არის არჩეული

ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, პროტესტის საინფორმაციო ომი წმინდა იდეოლოგიურ ჭრილში გადადის და შემთხვევით, არც 26 მაისია არჩეული.

“ყველა პროტესტს აქვს თავისი მოთხოვნებიდან გამომდინარე, დასაწყისიც და დასასრულიც, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ აშკარად გადის თავად ამ პროტესტის არსიდან, რადგან ამ ჰესის ისტორიას თვალი ზერელადაც, რომ გადავავლოთ, ხოლო ხელისუფლება ჰიპოტეტურადაც, რომ იყოს დადანაშაულებული არასწორი და წამგებიანი კონტრაქტის გაფორმებაში, 26 მაისის ბმასთან არა თუ საერთო არაფერი აქვს, არამედ სახელმწიფოს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეთა ერთობის და თანაცხოვრების იდეას აყენებს უკვე ეჭქვეშ.

პროტესტი რარიგ სამართლიანიც არ უნდა იყოს, თუ ხელისუფლების ქმედება არ სცილდება კონსტიტუციის ფარგლებს, და ეს დოკუმენტურად არ არის დამტკიცებული, ამ ტიპის რადიკალიზაცია არა თუ მიუღებელი, არამედ თავად იდეისთვისაც წამგებიანია.

ილია ჭავჭავაძის თუ დავესეხებით, ერთი მხრივ, ქართული ერთობა, მრავალკონფესიური იყო, ხოლო ქართველთა ქვეყანა კი მრავალეთნიკური. შესაბამისად, ქართული სახელწმწიფოც როდესაც ის ძლიერი იყო, ყოველთვის ფართო მასშტაბის საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგს წარმოადგენდა.

დღეს წარმოქმნილი პერმანენტული დაძაბულობაც და პოლიტიკური ჩიხიც სწორედ საერთო ეროვნული კონსენსუსის მიუღებლობაშია საძიებელი, რაც პერმნენტულ კრიზისებში ამყოფებს ქვეყანას.

თუმცა აქ მაინც არის ერთი დიდი ნო! და ამის ერთ-ერთი წყალგამყოფიც 26 მაისია. ისტორიას არ უყვარს გადაწერა და პროფანაციები. საქართველოს უზენაესმა საბჭომ და ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს,’ იმავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელიც ეფუძნებოდა 1918 წლის 26 მაისის დოკუმენტს და დამოუკიდებლობის დღე იურიდიულადაც არა 26 მაისი, არამედ 9 აპრილია!

პროტესტის საინფორმაციო ომიც წმინდა იდეოლოგიურ ჭრილში გადადის, და შემთხვევით არც 26 მაისი არის არჩეული, რადგან რეალურად დამოუკიდებლობის დღე არის 9 აპრილი, და არა 26 მაისი, რისი გადაფარვაც ზვიადის ფაქტორის გამო დღემდე ხდება.

ისტორიას არც ზიგზაგები არ უყვარს, ხოლო რადიკალიზმი და ულტიმატუმზე აგებული პოლიტიკა მიუღებელია, რა სარჩულიც არ უნდა ედოს საფუძვლად!

ამ ტიპის რადიკალიზმსაც პოლიტიკურ ჩიხში არაერთგზისაც შევუყვანივართ!

ვიფიქრით საერთო ეროვნულ კონსენსუსზე და არა ხელების გადაგრეხაზე, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, ეს საკმაოდ ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები