კახა კუჭავა – „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებზე: ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს

“ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია, შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

კუჭავას თქმით, ის მზადაა, პროტესტის მონაწილეებისგან მოისმინოს რამდენად შესაძლებელია დისკუსიაში პარლამენტის ჩართულობა.

„ჩემი აპარატიდან დაუკავშირდნენ შეხვედრასთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანს, ძალიან მარტივი მიზეზით, რომ გამეცნო და მომესმინა რამდენად ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოვება. რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო. ის ფორმატი, რაც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ იყო კონსტრუქციულობის ჩარჩოში, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ საკითხები განხილულ იქნას ასეულობით ადამიანთან, მით უმეტეს, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ნამდვილად გვქონდა ეს პრაქტიკა, რომ მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მათ შორის, „ფეისბუქზე“. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია, შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას ნებისმიერი ფორმით, ლაივი იქნება ეს ტელევიზიით, „ფეისბუქით“ თუ სოციალური ქსელებით”, – განაცხადა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები