ვარლამ გოლეთიანი: ხვალ, 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო – თუ არ იქნება პასუხი, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას
“ხვალ, 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო”, – ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე “ნამოხვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
“ჩვენ ჩავალთ ყველგან და სისტემურ მუშაობას დავიწყებთ. ეს შეარყევს სისტემას და ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას. გადაწყვეტილება მათზეა. ჩვენ სახალხო პრობლემების და წუხილების სადარაჯოზე ვიქნებით სულ. ჩვენ უნდა დავინახოთ ამ ლოკალურ პრობლემაში სისტემური სახე სისტემისა. ხვალ, 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო. ჩვენ აქ დავრჩებით ყველა იქამდე ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. თუ ხვალ, 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერ შეძლებს გადაადგილებას. ამისთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდევ დაგვემატონ. მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე!”, – განაცხადა გოლეთიანმა.