“შეჩერდეს ჰესის მშენებლობა” – ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციისთვის მზადება დაიწყო
ნამოხვანჰესის წინააღმდეგ დღეს თბილისში აქცია გაიმართება. 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გამოსვლებია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. დედაქალაქისკენ უკვე დაიძრნენ აქტივისტები რიონის ხეობიდან და ქუთაისიდან.
ამ წუთებში, ადგილზე უკვე იმყოფება ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან.
“შეჩერდეს ჰესის მშენებლობა – ეს არის ძირითადი მოთხოვნა. იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ ამდენი ხალხის მოთხოვნას. ორგანიზატორები ისეთი ადამიანები არიან, ამდენხანს ისე მოვიდა ყველაფერი, რომ არანაირი პროვოკაციის საბაბი არ ყოფილა. ჩვენგან ყოველგვარი დაპირისპირება გამორიცხულია. მშვიდობიანად გვინდა ეს ყველაფერი მოგვარდეს”,- აცხადებს აქციის მონაწილე მარიკა ლომთაძე.