„ევროპის უნივერსიტეტში” ესსეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

“ევროპის უნივერსიტეტში”, უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გამარჯვებულებს ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.

როგორც „კვირას“ „ევროპის უნივერსიტეტიდან“ აცნობეს, კონკურსი თემაზე “საქართველოს ევროპული მომავალი“, “ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, კონკურსის მიზანს ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება წარმოადგენდა.

„სპეციალურად მოწვეული კომისიის ჩართულობით კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ: I ადგილი – ელექტრო სკუტერი (ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მინით); II ადგილი – ლეპტოპი (დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის); III ადგილი – ფოტოაპარატი (აღმოაჩინე ევროპა შენი ობიექტივით). კონკურსის ფარგლებში, ასევე, საფრანგეთის საელჩომ რჩეული კონკურსანტები გამოავლინა, რომლებიც ერთ დღეს საფრანგეთის საელჩოში გაატარებენ. დღესვე საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასს “ევროპის უნივერსიტეტის” საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ღონისძიებას, მუსიკალურად საფრანგეთის კომპოზიტორთა ასოციაციის წევრი, კომპოზიტორი, პიანისტი – ნიკა ნიკვაშვილი, სოპრანო – მარიამ როინიშვილი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, კამერული შემადგენლობით აფორმებდა. დაჯილდოების ცერემონიას მუსიკოსი და ტელეწამყვანი ელენე კალანდაძე უძღვებოდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ღონისძიება კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა და მას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები