„ხშირად მესმის, ბჟანიას ანტიოქიის პატრიარქთან შეხვედრაზე საქართველოს საპატრიარქო რატომ დუმსო? ხანდახან დუმილი ლაპარაკს ჯობს“ – ლევან აბაშიძე

“ჯობს, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბჟანიას ვიზიტი სირიაში პოლიტიკური იყო, ეს საეკლესიო ვიზიტი არ ყოფილა, იქ ეკლესიის წარმომადგენლები არ ყოფილან. ამ მოვლენაში ლომის წილი პოლიტიკას უჭირავს”, – ამის შესახებ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აბაშიძე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან შეხვედრას გამოეხმაურა.

„თუ გვინდა, ანტიოქიის საპატრიარქოში აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტის არსი გავიგოთ, ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
ანტიოქიის საპატირქო უძველესია და ერთერთი ყველაზე უფრო დიდი პატივით სარგებლობს. ქრისტიანობა რომის იმპერიაში დაიწყო. იქ იყო სამი დიდი ქალაქი: რომი, ალექსანდრია და ანტიოქია. გარდა ამისა, „საქმე მოციქულთაში“ ნათქვამია, რომ პირველად სახელი „ქრისტიანები“ პირველად ანტიოქიაში გაჩნდა. ასე რომ, თავდაპირველად 3 საპატრიარქო იყო. რაც შეეხება კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმს – ისინი ამ უმთავრეს საპატრიარქოებში შემდგომ შევიდნენ.
ასე რომ, ანტიოქიის საპატრიაქო უძველესი და უმნიშვნელოვანესია.
უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ეს საპატრიარქო აერთიანებს ქრისიტიანებს სირიაში, ლიბანში, არაბულ ქვეყნებში, ნაწილობრივ ერაყში. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნებში ქრისტიანთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. ისინი მუსლიმურ გარემოში ცხოვრობდნენ. ბოლო საუკუნეების განმავლობაში კი დიდი ემიგრაცია მოხდა. იყო მათი შევიწროებები, ომები. პოლიტიკურად ქრისტიანები და, შესაბამისად, ეს საპატრიარქო ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ერთერთი პლუსი, რაც შეიძლება, იყოს, არის ის, რომ მას საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს, მაშ შორის, ჩრდილოეთ ამერიკაში. მრავალი ქრისიტიანი არაბი, რომელც გადასახლებულია, თავს ამ საპატრიარქოს მიაკუთვნებს“, – განაცხადა აბაშიძემ.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ხშირად სვამენ კითხვას: აღნიშნულ შეხვდრასთან დაკავშირებით რატომ დუმს საქართველოს საპატრიარქო. აბაშიძის თქმით, ხანდახან დუმილი ლაპარაკს ჯობს.

„პოლიტიკური მდგომაროება მძიმეა. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს ვიზიტი სწორედ პოლიტიკური იყო, ეს არ გახლდათ სპეციალურად საეკლესიო ვიზიტი. რა პოლიტიკური ფონია, ვიცით: რუსეთმა აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აღიარა. შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, რომ ის თავის სატელიტებმაც აღიარონ. ერთერთი მისი სატელიტი ქვეყნა სირიაა. იცით, რომ იქ ძალიან მძიმე სამოქალაქო ომი იყო. ასადის მთავრობა, ეს სისხლიანი დიქტატორი, ფაქტობრივად, რუსეთმა გადაარჩინა. ის არა მარტო დავალებულია რუსეთთან, არამედ რუსეთს ამ ტერიტორიაზე დიდი კონტროლი და ბერკეტები აქვს. იმაში, რომ სირიამ აფახაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა,  გასაკვირი არაფერია. ამ აღიარების ერთერთი გამოვლინება არის ის, რომ, რუსეთის თვალსაზრისით, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და იქედან სირიაში დელეგაცია ჩავიდა.

როცა სახელმწიფოს მეთაური ჩამოდის, პროტოკოლით, როგორც წესი, პატრიარქსაც ხვდება. რატომ შეხვდა პატრიარქს და რატომ არ თქვა უარი შეხვედრაზე უარი პატრიარქმა? ახლა უკვე საქმე საეკლესიო პოლიტიკას ეხება: აღმოსავლეთის ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში მუსლიმურ გარემოში ცხოვრობენ. მათი დიდი ტრადიცია აქვთ იმისა, რომ ხელისუფლებასთან კეთილი და მორჩილი დამოკიდებულება ჰქონდეთ. ქრისიტიანული ეკლესიები, როგორც სტრუქტურები, გადარჩნენ, რადგან ისინი ყოველთვის ცდლილობდნენ, ხელისუფლებასთან კარგ დამოკიდებულებაში ყოფილიყვნენ. ხელისუფლება რომ ეტყვის, დელეგაცია ჩამოდის და უნდა მიიღოო, ის უარს ვერ ეტყვის. ეს პოლიტიკური ასპექტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. სხვა ყველაფერი აქედან გამომდინარეობს.

ერთერთი კითხვა, რომელსაც მისვამენ, არის ის, თუ რატომ დუმს საქართველოს საპატრირქო და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მართალია, ვთანამშრომლობ საპატრირქოსთან, მაგრამ არ ვიცი, როგორია ოფიციალური პოზიცია. რასაკვირველია, საპატრიქროსთვის სრულიად მიუღებელი რამაა, თუ ლაპარაკია აფხაზეთის ეკლესიაზე, როგორც დამოუკიდებელ საეკლესიო ერთობაზე. დანარჩენი პოლიტიკის ამბავია. პირადად ჩემი აზრია, რომ სჯობს, ჩვენ ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ. გავითვალისწინოთ ის, რაც უკვე ვთქვი: პოლიტიკური ასპექტები, მძიმე მდგომარეობა, რომელშიც პატრიარქია და ა.შ. სჯობს, ამ საკითხს ხაზი არ გავუსვათ. აქედან დიდი პრობლემა არ შევქმნათ. ხშირად მესმის, რომ საპატრიარქო დუმს და რატომ დუმსო? ხანდახან დუმილი ჯობს ლაპარაკს. რასაკვირველია, ამაში კარგია და სასიამოვნო არაფერია. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რა ჯობს. ვირჩევთ, რას ჯობს: ჟარგონით რომ ვთქვათ, „გავატაროთ“ ეს ამბავი თუ ერთი ამბავი ავტეხოთ. ჩემი აზრით, სჯობს, „გავატაროთ“ , ამას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ. შეიძლება, მათ დიპლომატიური არხებით მივაწვდინოთ ამბავი, რომ ეს არაა სასიმოვნო, მაგრამ გვესმის, რომ ისინი მძმიმე მდგომარეობაში არიან.

თუ ჩვენ ამაზე ძალიან დიდ ამბავს ავტეხთ, ამ ფაქტს იმაზე უფრო დიდი მნიშვნელობა მიეცემა, ვიდრე მას ეკუთვნის.
სჯობს, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს პოლიტიკური ვიზიტი იყო და არ იყო საეკლესიო ვიზიტი, იქ ეკლესიის წარმომადგენლები არ ყოფილან. ამ მოვლენაში ლომის წილი პოლიტიკას უჭირავს. სამწუხაროდ, პოლიტიკა ერევა ეკლესიის ამბებში, ეკლესია პოლიტიკაში და ა.შ“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, იოანე X-მ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას 18 მაისს დამასკოში საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. ანტიოქიის საპატრიარქოს განცხადებაში ბჟანია „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტადაა“ მოხსენებული.

ვიზიტს საქართველოს საპატრიარქოში გამოეხმაურნენ.

„ეს არის ნეგატიური მოვლენა. უცნაური ფაქტია და, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება. თუმცა, მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება. რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ საგარეო ურთიერთობების განყოფილებას“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები