გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე შეხვედრა გამართა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მისი თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის წევრებთან ერთად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე იმსჯელეს.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. საკითხი, რომელიც საბჭოს ზედამხედველობის და ინტერესის ქვეშ მოხვდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ეს არის ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის უზრუნველყოფა და ამ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან. ამ თემის მოკვლევისას ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჩატარებული მონიტორინგის და კვლევების შესახებ, რომელიც ძირითადად უკავშირდება ექსპერტთა არასაკმარის რაოდენობას, ასევე ექსპერტების სქესს, რადგან საქმე ისაა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირ შემთხვევაში ხელმეორედ აღმოჩნდებიან სტრესის წინაშე, როდესაც ექსპერტიზის ბიუროში საწინააღმდეგო სქესის ექსპერტი ატარებს ექსპერტიზას და ა. შ. მოვისმინეთ ინფორმაცია, თუ რას გეგმავენ კონკრეტულად ამ მიმართულებით.

ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ექსპერტების დეფიციტი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ სამუშაო ფორმატის ფარგლებში საბჭო შეძლებს, რომ ითანამშრომლოს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან როგორც ექსპერტების რაოდენობის, ასევე ქალი ექსპერტების დამატების და განსაკუთრებით ზოგადად ექსპერტებში გენდერული მგრძნობელობის ამაღლების მიზნით. განვიხილეთ ასევე სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობის საკითხი, რომელზეც გენდერული თანასწორობის საბჭო გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ინტენსიურად იმუშავებს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები